წყვილთა ფსიქოლოგია

უკუკავშირი VS კრიტიკა
(პარტნიორთან პოზიტიური ურთიერთობისთვის)




ოსკარ ვაილდის (Oscar Wilde) თქმით „კრიტიკა არის საუკეთესო საშუალება დაწერო კრიტიკოსზე ავტობიოგრაფია“, რადგან ის უფრო მეტს კრიტიკოსზე მეტყველებს, ვიდრე მის საკრიტიკო ობიექტზე.

კრიტიკა არის კრიტიკოსების მცდელობა მიიღონ უკეთესი შედეგი მეორე ადამიანისაგან, რომელიც როგორც წესი სრული კრახით მთავრდება. მცირე ცვლილების შემთხვევაშიც კი უკმაყოფილების გრძნობა იმდენად დიდია გაკრიტიკებულ ადამიანში, რომ ეს კრიტიკოსის მოგებად ვერ ჩაითვლება. კრიტიკა გარკვეულწილად კონტროლის შეგრძნებასაც იწვევს ადამიანში. ის ფიქრობს, რომ მას დეტალებში აკვირდებიან. ეს კი მისთვის ძალიან დამძაბველია. ამის გამო ადამიანს შესაძლოა კრიტიკოსთან ურთიერთობის სურვილიც კი დაეკარგოს.

ამიტომ აღსანიშნავია, რომ რაც არ უნდა მართებული იყოს თქვენი კრიტიკა შედეგი არ გექნებათ მხოლოდ ერთი რამის გამო. ადამიანი კრიტიკის დროს იძაბება და გადადის თავდაცვის რეჟიმში. ამიტომ ვერ იღებს თქვენს ნათქვამს.

კრიტიკა ძალიან დესტრუქციული ფორმაა ურთიერთობების დროს და კრიტიკის შემთხვევაში პარტნიორთა გაყრის შანსი იზრდება.

კრიტიკა განსაკუთრებით მძაფრი და დესტრუქციულია, როდესაც:
  • ხდება დადანაშაულება
  • არ არის ფოკუსირებული გაუმჯობესებაზე
  • ხდება ხასიათის ან პიროვნების კრიტიკა(და არა ქცევის)
კრიტიკოსი ადამიანები პარტნიორის კრიტიკით ხშირად საკუთარ ეგოს იცავენ. მათი უმრავლესობა ბავშვობაში ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი, ამიტომ მათ გამოიმუშავეს თავდაცვის სწორედ ასეთი ხერხი. ურჩვენიათ თავად იყნენ კრიტიკოსები, ვიდრე თავად გააკრიტიკოს სხვამ. მაგრამ ამასთან ისინი უპირველესად საკუთარი თავის დიდი კრიტიკოსები არიან. 

შეიძლება ხშირად კრიტიკოსი ხვდება, რომ კრიტიკით ცვლილებას ვერ აღწევს, მაგრამ მაინც აგრძელებს კრიტიკას. რატომ ხდება ეს?

1.ის თავს იცავს და თავდაცვის სხვა სტრატეგია არ გააჩნია (მთავარია თავის დაცვას ახერხებს)


2.მას არ აქვს ჩამოყალიბებული სწორი მიმართვის ფორმა, რითიც შეძლებს მიიღოს სასურველი შედეგი. (შეიძლება ისევ ბავშვობას დავუკავშიროთ. კრიტიკის დროს გამზადებული ფრაზები   მოსდის თავში, რა  ფრაზებითაც  ბავშვობაში  თავად აკრიტიკებდნენ(მშობლები, აღმზრდელები, დები, ძმები და ა.შ....)

უკუკავშირი VS კრიტიკა 

კრიტიკა – ფოკუსირებას აკეთებს რა არის არასწორი – (მაგალითად–რატომ ვერ აქცევ         ანგარიშებს ყურადღებას?)
უკუკავშირი – ფოკუსირებულია როგორ გააუმჯობესოს–(მოდი ერთად გადავავლოთ     თვალი ანგარიშებს)

კრიტიკა – აღნიშნავს ადამიანის თვისებას (მაგალითი–შენ ჯიუტი და ზარმაცი ხარ)
უკუკავშირი – მიმართულია ქცევაზე და არა პიროვნებაზე (ანგარიშების დახარისხებით ხომ არ დაიწყებდი?)

კრიტიკა – ხდება გაუფასურება (მაგალითი – მგონი ჭკუა არ გყოფნის ეს რომ გააკეთო)
უკუკავშირი – ახალისებს (მაგალითი – ვიცი რთული საქმეა, მე შემიძლია დაგეხმარო ამის გაკეთებაში)

კრიტიკა – ხდება დაბრალება (მაგალითი – შენი  ბრალია ფინანსურ კრიზისში რომ ვართ)
უკუკავშირი – მიმართულია მომავალზე – (მაგალითი – შეგვიძლია დავძლიოთ ეს კრიზისი, თუკი ორივე ერთად  მოვიფიქრებთ რა გავაკეთოთ)

კრიტიკა – დაკავშირებულია კონტროლთან (მაგალითი – მე ვიცი რა ჯობს, მე უფრო განათლებული და გამოცდილი ვარ. მე ყველაფერი ვიცი)
უკუკავშირი – ავტონომიის პატივისცემა (მაგალითი – შენი უფლებაა გქონდეს შენი არჩევანი, უბრალოდ მე არ ვეთანხმები ამას)

აღსანიშნავი მომენტები უკუკავშირის დროს:
  • თუ თქვენი ხმის ტემბრი იქნება გაბრაზებული, ნაწყენი ან სხვა ნეგატიური ემოციით დატვირთული უკუკავშირს აზრი ეკარგება. მნიშვნელობა აღარ აქვს რა ფორმით არის ნათქვამი. 
  • ფოკუსირდით „გაფუჭებული სიტუაციის“ აღდგენაზე
  • იმ ქცევებზე გაამახვილეთ ყურადღება, რაც თქვენთვის მოსაწონია
  • შეაქეთ და წაახალისეთ მცირე ცვლილებისთვისაც
  • პატივი ეცით მის ავტონომიას (არჩევანსა და გადაწყვეტილებებს)


წვილთა პოზიტიური ურთიერთობისთვის


ცოლქმრულ ურთიერთობისას ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ფორმის შერჩევა. მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ არ დაგროვდეს წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება და სხვა ნეგატიური ემოციები.

წინასწარი მოლოდინი-მოულოდნელობის წინააღმდეგ
თქვენ შეიძლება იმის შიშით, რომ არ იცით რა რეაქცია ექნება თქვენს საყვარელ ადამიანს დამალოთ თქვენი გეგმები. მაგალითად, ის, რომ საღამოს წასასვლელი ხართ სამსახურეობრივ შეხვედრაზე, რამდენიმე საათით ადრე უთხრათ თქვენს პარტნიორს. რცა ეს თქვენთვის უკვე მთელი კვირაა ცნობილია. რეაქცია კი რისიც გეშიოდათ, ბევრად უფრო მძაფრი ხდება.

სავარაუდოდ რას გრძნობს პარტნიორი? - შეურაწყხოფილია, რადგან თვლის, რომ არაფრად აგდებთ. იმედგაცრუებულია, რადგან მას შეიძლება სხვანაირად წარმოედგინა ეს საღამო. ან შეიძლება რაიმე სურპრიზის მოწყობაც კი უნდოდა თქვენთვის.

წინასწარი თქმის და სწორი მოლოდინის შემთხვევაში თავიდან აირიდებთ უარყოფით ემოციებს. შეიძლება მას მაინც არ ესიამოვნოს თქვენი რაიმე გეგმა, მაგრამ მიხვდება, რომ პატივს სცემთ მის აზრს და უზიარებთ თქვენი ცხოვრების დეტალებს.

მისი აზრის გაგება - უყურადღებობის წინააღმდეგ
თქვენ შეიძლება არაჩვეულებრივად იცით, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს არ უყვარს წვნიანი, მაგრამ მოგიწიათ წვნიანის მომზადება. თქვენ ისიც იცით, რომ სახლში მოსულს, მას უარყოფითი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. მიმართეთ შემდეგ ხერხს. შეეხმიანეთ მას და უთხარით, რომ უგემრიელესი წვნიანი გაქვთ მომზადებული. ამასთან ჰკითხეთ, კიდევ რაიმე ხომ არ მოამზადოთ მისთვის განსაკუთრებული.

ეს ფორმა თავიდან აგაცილებთ სახლში მოსული პარტნიორის ნეგატიურ ემოციებს. ეს იქნება ბრაზი, უპატივცემულობის შეგრძნება თუ წყენა. ამის მაგივრად პარტნიორი იგრძნობს თქვენ ზრუნვას და იმას, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი.

გაზიარება-დუმილის წინააღმდეგ
თქვენი მიზნები და სურვილები სასურველია ცნობილი იყოს თქვენი პარტნიორისთვის, მაგრამ არა მხოლოდ შესრულების მომენტში, არამედ ზოგადად. ისაუბრეთ თქვენს სურვილებზე, მიზნებზე, გეგმებსა და ემოციებზე. იყავით გახსნილი და მიიტანეთ ეს ყველაფერი თქვენს პარტნიორამდე. ეს გააღრმავებს ნდობას თქვენს შორის და გაუჩენს პარტნიორს სურვილს დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ თქვენი გეგმების შესრულებაში.

დაიმახსოვრეთ, თქვენს მიზნებზე საუბარი სასურველია პოზიტიურ ჭრილში მიმდინარეობდეს, თუნდც ამ მიზნების შესრულება თქვენი პარტნიორის პირდაპირ ვალდებულებად მიგაჩნდეთ.

კითხვითი ფორმა - მტკიცებითის წინააღმდეგ
პარტნიორის რაიმე ქცევამ, გადაწყვეტილებამ ან გეგმამ შესაძლოა გაგაღიზიანოთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში მოერიდეთ ბრძანებით განცხადებებს. იყავით გამჭრიახი. ესაუბრეთ მას კითხვითი ფორმით და არა მტკიცებით. მაგ-ად: თუ არ მოგეწონათ სად დაკიდა თავისი ტანსაცმელი, ჰკითხეთ:

- ეს ტანსაცმელი ხომ არ სჯობს იქ დაკიდო? ან
- ამ ტანსაცმლისთვის უკეთესი ხომ არ არის კარადაში ეკიდოს?
და არა - ეს სად დაგიკიდებია ტანსაცმელი. დაკიდე სადაც საჭიროა!

ამ ორ ფორმას შორის განსხვავება არა მხოლოდ კითხვით და მტკიცებით ფორმებშია. პირველ შემთხვევაში აქცენტი ტანსაცმელზეა, მეორე შემთხვევაში კი "შენ"-ზე. ანუ პარტნიორის დადანაშაულებაზე. ასევე მნიშვნელობა აქვს თქმის ტონს. ის არ უნდა იყოს პრეტენზიული ან ირონიული. გამოიყენეთ გაწონასწორებული ტონი.

თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან სჯობს მეტად დაფიქრებულად იმოქმედოთ და ისაუბროთ. ამ მოქმედებებს და სიტყვებს კი ფონად ყოველთვის უნდა გასდევდეს მის მიმართ პატივისცემის გრძნობა.





ეჭვიანობა


რა მიზეზები აქვს ეჭვიანობას? არის თუ არა ის ურთიერთობისათვის საჭირო? რამდენი სახის ეჭვიანობა არსებობს?  როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ან რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პარტნიორს დავეხმაროთ ამის დაძლევაში?

არა მარტო ეჭვიანობას, არამედ ყველა ქმედებას, მდგომარეობას, ემოციის არსებობას თავისი მიზეზი და ახსნა აქვს. ამიტომ, როდესაც ადამიანი ეჭვიანობს, ჩვენ საჭიროა დავფიქრდეთ რა არის ამისი მიზეზი. არის ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, უკვე შეძენილი გამოცდილების ნარჩენებია თუ არანორმალიზებული ხასიათი აქვს.  გავერკვეთ რა არის ნორმა და რა პათოლოგია.

უპირველესად იმით დავიწყოთ, რომ არსებობს სამი სახის ეჭვიანობა: 
  • ნორმალური
  • აკვიატებული
  • პათოლოგიური

ალბათ ამ ჩამონათვალიდან უკვე მიხვდებით, რომ არც ისე მარტივად და ცალსახადაა საქმე, როგორც სტატიის თავში შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ნორმალური
ნორმალური სახის ეჭვიანობის დროს ადამიანი რაღაც მომენტში უშვებს, რომ ის ნაკლებ საინტერესო,მიმზიდველი და სასურველია თავისი პარტნიორისთვის. ეს აზრი მაშინ შეიძლება განვითარდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ყურადღების დეფიციტს პარტნიორისგან.   შეიძლება ამ დროს იფიქროს, რომ არსებობს ვიღაც სხვა, თუმცა ეს არც კი გამოამჟღავნოს. უბრალოდ დაუშვას ვარაუდის დონეზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მუდმივად და გაბმულად ეჭვიანობს თავის პარტნიორზე, უბრალოდ მოდით დავარქვათ ამას „პატარა ჩავარდნები“, როდესაც ადამიანი „მცირე ეჭვების“ მსხვერპლი ხდება. ამ დროს მთავარი ჩავარდნა თვითშეფასებაშია. ადამიანი თავდაჯერებულობას კარგავს. ეს გამოწვეულია პარტნიორისგან ყურადღების შემცირებით, რასაც შეიძლება სულ სხვა მიზეზები  სდევდეს თან. მაგალითად, შესაძლოა, პარტნიორი გადაღლილია საქმიანობით, ან უბრალოდ უხასიათოდაა რაიმე პრობლემის გამო. აუცილებელია უყურადღებობის ზუსტი მიზეზის დადგენა. თუ ის მართლაც ნაკლებ საინტერესო გახდა პარტნიორისთვის, აქაც არის გამოსავალი. ეს მდგომარეობა ძალიან ადვილად დაძლევადია, თუ ადამიანი მობილიზდება და მოსინჯავს თავის ძალებსა და სტრატეგიებს პარტნიორის ყურადღების მისაქცევად, გააძლიერებს თავდაჯერებულობას და გახდება მეტად საინტერესო. ეს იმ შემთხვევაში, თუ უყურადღებობა მართლაც პარტნიორის ინტერესის დაქვეითებითაა გამოწვეული, ის მიიღებს მეტ ყურადღებას. ნორმალურ ეჭვიანობას ამ კუთხით გარკვეული გამოფხიზლების ფუნქციაც აკისრია და პოზიტივში შეგვიძლია განვიხილოთ. პერიოდული, მცირე დოზით ეჭვიანობა არა მარტო განვითარებისკენ გვიბიძგებს, არამედ საჭიროა იმისთვისაც, რომ ინტერესი არ გაგვინელდეს თავად  საკუთარი პარტნიორის მიმართაც.

თუ უბრალოდ პარტნიორის „წაეჭვიანება“ გსურთ, ნუ გააკეთებთ ამას მუქარის და ზედმეტი დაძაბვის თანხლებით. ასევე ნუ წაუყენებთ ულტიმატუმებს. ამას ნაკლებად ეგუებიან ადამიანები.

ნორმალურია ასევე როდესაც  პარტნიორს რეალური ფაქტების საფუძველზე უჩნდება ეს მდგომარეობა.  თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზები თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე უნდა ეძებოთ და არა „მე ვჯობივარ–თუ ის“–ს პრინციპით წახვიდეთ.

აკვიატებული ეჭვიანობა
ეს ნევროტიკული ფორმაა. ამ დროს პარტნიორი მუდამ ცდილობს გაკონტროლებდეს, რადგან მიაჩნია, რომ თუ კონტროლს დაკარგავს აუცილებლად უღალატებ. მსგავსი ტიპის ეჭვიანი ადამიანები არარაციონალური წარმოდგენებით ხელმძღვანელობენ და პარტნიორსაც ამ წარმოდგენების მიხედვით უყურებენ, როგორც არასანდო არსებას. შეიძლება ფრაზის არასწორი გაგება, მაგალითად: „ნამდვილ მამაკაცს ცოლი არ გაუბ.....“, ირაციონალური წარმოდგენების საფუძველი გახდეს და ადამიანი ფიქრობდეს ვერაფერს გახდება კონტროლის გარეშე.  

აკვიატებული ტიპის ეჭვიანი ეს ის კატეგორიაა, როდესაც გამუდმებით ხდება დაშვება ღალატის არსებობისა ყოველგვარი მიზეზის გარეშე და ეს აზრი მოსვენებას არ აძლევს ადამიანს. ასეთ დროს აუცილებელია ირაციონალური აზრების აღმოჩენა და მისი რაციონალური ჩამოყალიბება.

პათოლოგიური
პათოლოგიური ეჭვიანობა ზნეობრივ–ეთიკური შინაარსის მძიმე, მშფოთვარე განცდებია, რომელიც მოკლებულია საფუძვლიანობას და არ შეესაბამება შესაძლო უსიამოვნებას. „თუ პიროვნების ეჭვიანობამ ხანგრძლივი ხასიათი მიიღო; თუ მას დაეწყო სიმპტომები – უძილობა, შფოთვა, აკვიატებული აზრები; თუ ადამიანს არ სურს, მოისმინოს არგუმენტები – ეს იმას ნიშნავს, რომ დროა, საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ის მყარად არის დარწმუნებული საკუთარ აზრებში და სიტყვებში და მრავალი ნეგატიური ემოცია ერთვის თან(აგრესია, ბრასი, შიში...) ამიტომ ამ დროს ჯობია გავერიდოთ ასეთ ადამიანს. მან აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს, ექიმ-ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს. სასურველი იქნება ფსიქოთერაპიის გამოყენება. [ 1 ]

ეჭვიანობა  საკუთარი თავის უპატივცემულობის, ნაკლები თავდაჯერებულობის, ადამიანის მიმართ უნდობლობის, მტრული დამოკიდებულების  ან უბრალოდ ცუდი განწყობის შედეგია.

აქვე მოგიყვანთ მამა პაისის ნაამბობს, რათა გავითვალისწინოთ, რომ თუ ფაქტებში დარწმუნებულები არ ვართ არ უნდა გავუკეთოთ სუბიექტური ინტერპრეტაციები, რადგან ეს ახსნები ხშირად არა გარემოს, არამედ ჩვენს შინაგან მდგომარეობას გამოხატავენ.

რაოდენ კეთილი ზრახვები აქვს ზოგიერთ ერის ადამიანს! სხვები კი - საცოდავები - როგორ იტანჯებიან ისეთი საგნების გამო, რომელთა მსგავსი ბუნებაში არ არსებობს და რომელსაც ეშმაკიც ვერ მოიფიქრებდა! ერთხელ, როდესაც საშინელი გვალვის შემდეგ წვიმა წამოვიდა, ჩემი გული ისეთი მადლიერებით აღივსო ღვთისადმი, რომ საკუთარ სენკში მჯდომი აღტაცებული ვიმეორებდი: - "ღმერთო, მილიონ, მილიარდ მადლობას გწირავ"! არ ვიცოდი, რომ ამ დროს სარკმელთან ერთი ერისკაცი იდგა და მისმენდა. მერე, როდესაც შემხვდა, მითხრა: - "მამაო, მაშინ რომ მოგისმინე, დავბრკოლდი, მესმოდა ეს "მილიონები" და "მილიარდები" და მეტი არაფერი, ამიტომ ვიფიქრე" -"აი, თურმე რა ხილი ყოფილა ეს ჩვენი მამა პაისი"! და როგორ ამეხსნა მისთვის?! მე ღმერთს წვიმისთვის ვწირავდი მილიონ, მილიარდ მადლობას და იმას კი ეგონა, რომ ფულს ვთვლიდი. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა ღამით ჩემს გასაქურდადაც დაეპირებინა მოსვლა! პირველ რიგში კი მე დამადგებოდა შავი დღე, მაგრამ ისიც რომ ვერაფერს იპოვიდა!



წყარო: 
სოფო გულიაშვილი
ნელი მაისურაძე [ 1 ]


მყარი ქორწინების პრედიქტორები:


1. როცა ადამიანი ოპტიმისტია

2.  როდესაც მშობლები ბედნიერ ქორწინებაში ჰყავთ (მაგალითი)

3. როდესაც გვიან ქორწინდებიან

4. როდესაც ეკონომიურად დამოუკიდებლები არიან

5. ურთიერთპატივისცემა

6. მორწმუნეების დაქორწინება

7. როდესაც ფასეულობათა სისტემა მსგავსია

8. როდესაც ხდება ძალაუფლების განაწილება (არავინ არ არის მონა და არც
    ბატონი).

9. როცა თაყვანისცემის პროცესი ქორწინებამდე არის ხანგრძლივი

10. სიყვარულით ქორწინება



რაც მეტი პრედიქტორია, ქორწინება მეტად მყარია. თუმცა  მათ შორის არის მეტად და ნაკლებად მნიშვნელოვანი. მხოლოდ მნიშვნელოვნების მიხედვით დაწყობას თქვენ მოგანდობთ, რადგან ოჯახის სიმტკიცის ფაქტორები მაინც ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული სია და შეგიძლიათ დაფიქრდეთ რა შექმნის ან რა ქმნის თქვენს შემთხვევაში მდგრად ოჯახს. 


რუბრიკა "სტატია ლექციის ჩანაწერებიდან" 



როგორ ვესაუბროთ მამაკაცს...
როგორ ვესაუბროთ ქალს...



სიტუაცია #1. ლევანი სთხოვს მეუღლეს, ლანას, მოუყვეს მას მისი დღის შესახებ. როგორი დღე  ჰქონდა. ქალი პასუხობს: „როცა გავიღვიძე, კისერი მტკიოდა, ეტყობა არასწორად მედო თავი. თან ცუდი სიზმარი ვნახე სალისთან დაკავშირებით. არც მიფიქრია სალის შესახებ და არ ვიცი საიდან მოვიდა ეს სიზმარი. მერე კი,როცა მოვინდომე ჩემი შავი შარვლის ჩაცმა, ვერ ვიპოვნე. არ მჯეროდა, რომ უკვე გასარეცხად გადავდე. შემდეგ იამ დამირეკა და მითხრა, რომ აგვიანდებოდა და შეხვედრას ვერ შეძლებდა. 5 წუთი წუთი ვისაუბრეთ და საუზმე ვეღარ მოვასწარი“.

სიტუაცია #2. მაიკოს  ქმარმა გამოუარა საავადმყოფოში, სადაც ის მუშაობს. „ოჰ, დავით, არ დაიჯერებ, თქვა მაიკომ, ჩემმა ზედამხედველმა ისევ 3 პაციენტით მეტი მომაბარა, ვიდრე სხვა ექთნებს. მთელი ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობდი. ძალიან რთული აღმოჩნდა, გადავიღალე“.
„ის ყოველთვის ასე გიკეთებს“, გააწყვეტინა დავითმა, „გითხარი, რომ დაელაპარაკო ამაზე. ვერ ვხვდები, რატომ არ ეუბნები აქამდე.“თქვა დავითმა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.

ორივე საუბარი მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფად. როგორც ყველა მამაკაცი, ლევანი ლანას  საუბრისას  ინსტიქტურად გონებაში ეძებს პრობლემის გადაწყვეტის გზებს. ისმება კითხვა: როგორ დაეხმაროს  ლანას?  მაგრამ ეს ძალიან რთულია მისთვის. ვერ ხვდება რომელი თემაა მნიშვნელოვანი: კისრის ამბავი? სალი? შარვლის ისტორია? ის ვერ გეტყვით ამას. ყველა დეტალი ცნობილია ლევანისთვის, თუმცა ლანამ ძალიან სწაფად მოყვა ისტორია. რამდენიმე წუთის განმავლობაში ლევანი ფიქრობს, იწყებს აქეთ–იქეთ ყურებას და ხმას არ იღებს. ეს იმედგაცრუებულს ხდის ლანას, რომელიც ფიქრობს, რომ ლევანი მას არ უსმენდა.

მაიკოსა და დავითის შემდეგი ნიმუში მსგავსია, თუმცა დავითი უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ლევანი. მას შეუძლია სწრაფად გაანულოს პროცესი, რადგან ეს არის განმეორებული სიტუაცია მისთვის, რომელზეც მას რჩევა  უკვე გაცემული აქვს. დავითი გარკვეულწილად იმედგაცრუებულია, რადგან მისი კეთილშობილური რჩევა მაიკომ არ გაითვალისწინა.  მაიკო კი ფიქრობს, რომ ის მის საქმეში ერევა, აწყვეტინებს მას მოყოლას, არ აცდის დასრულებას და აძლევს რჩევებს, რომელსაც ის არ ითხოვს.


ჰმმ, განსხვავებები ქალსა და მამაკაცს შორის...

ქალები საუბრობენ კომუნიკაციისთვის. ადით ნებისმიერი სკოლის სპორტულ მოედანზე და უბრალოდ დააკვირდით. თქვენ ნახავთ ბიჭებს, რომლებიც  თამაშობენ უხეშ თამაშებს, სადაც შეუძლიათ დომინანტობის გამოხატვა და გოგონებს, ჩვეულებრივ წყვილებში, რომლებიც შეიძლება ბურთსაც თამაშობენ,  მაგრამ არსებითად საუბრობენ და ეკონტაქტებიან ერთმანეთს.
მაიკოც და ლანაც სიხარულით ხვდებიან კონტაქტის შესაძლებლობას. მაგრამ ეს სწრაფად ირღვევა, რადგან დავითს და ლევანს ეს საუბარი სხვა ჭრილში მიჰყავთ.


რჩევა მამაკაცებს: მოეშვით. დააცადეთ ლაპარაკი. დაეკონტაქტეთ თუნდაც ჟესტით. დაუქნიეთ თავი, რათა იგრძნოს, რომ უსმენთ. ჯერ–ჯერობით ნუ გამოთქვამთ თქვენს აზრს მის გრძნობებთან დაკავშირებით.
ქალები საუბრის მეშვეობით თავიანთ  პრობლემებს აგვარებენ. ძირითადად ქალები ფიქრობენ ხმამაღლა, კონკრეტული სიტუაციის დეტალებზე კონცენტრირებისთვის. მაიკო და ლანა  საუბრის პროცესშივე მუშაობენ არსებული საკითხების მოგვარებაზე ემოციონალურად და ინტელექტუალურად, გამოყოფენ მნიშვნელოვანს. არა მარტო სტრესს იხსნიან, არამედ საუბრის პროცესშივე ეძებენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს.

რჩევა მამაკაცებს: როგორც ერთმა იუმორისტმა თქვა, ‘ჩემი ცოლი მიყვება საკუთარ დღეზე რეალურ დროში’, რაც მამაკაცებისთვის იმედგაცრუებაა. მაგრამ იგი მუშაობს იმ მომენტში, არ არის საჭირო თეთრი რაინდობა და საუბარში ჩახტომა პრობლემის მოგვარების მიზნით. მშვიდად მოუსმინე, დააცადე თვითონ გაერკვეს. კიდევ ერთხელ გაითვალისწინე (აღიარე) მისი გრძნობები. დაინტერესდით დეტალებით, მაგალითად ‘და როგორ გაუმკლავდი ყველა იმ პაციენტს?’ ანუ შეეცადეთ გაერკვეთ ამბავში და არა მოაგვაროთ იგი.

მამაკაცებს არ სჭირდებათ სიტუაციის კონტროლი, ისინი უბრალოდ მუდამ
მზად არიან პრობლემის გადასაჭრელად. მამაკაცთა უმეტესობას საკმაოდ კარგად გრძნობს  პარტნიორის პრობლემებსა  და დისტრესს. (ევოლუციის დროს მას ჩამოუყალიბდა ქალის დაცვის ტენდენცია, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს). ამიტომ ხშირად მამაკაცი გრძნობს გაღიზიანებას, როდესაც პარტნიორი არ იღებს მის დახმარებას. მამაკაცთა ძირითადი მონდომება დაეხმარონ პარტნიორს, მათი დაცვის ტენდენციის მექანიზმში მდგომარეობს. „თუ მე შევძლებ ვაგრძნობინო თავი უკეთ, (გადავჭრა პრობლემა), მეც თავს ვიგრძნობ კარგად. თავს ვიგრძნობ მამაკაცად“.

რჩევა ქალებს: მოაწყვეთ თქვენი საუბარი ისე, თითქოს თქვენ ქმნიდეთ საგაზეთო სტატიას. გააკეთეთ სათაური–მაგალითად „დრო არ მყოფნის სამსახურში“, ხაზი გაუსვით რას ელით საუბრისგან. შეგიძლიათ უთხრათ, რომ თქვენ არ გაქვთ პრობლემები, რომ თქვენ უბრალოდ გსურთ საუბარი. ან თავიდანვე გაარკვიოთ, რომ თქვენ ელით დახმარებას მისი მხრიდან. გამოკვეთეთ მთავარი საკითხები და გაამახვილეთ ყურადღება, რა არის პრობლემური საკითხი. და როდესაც თქვენ გამოყოფთ მთავარს არამთავარისგან და მიხვდებით, რომ პარტნიორი ხვდება რაზეა საუბარი და გექნებათ უკუკავშირი, მხოლოდ ამის შემდეგ  შეგიძლიათ თავისუფლად შეავსოთ ისტორია წვრილ–წვრილი დეტალებით და არამთავარი ინფორმაციით.
მთავარი ინფორმაციის თავშივე მიწოდება და განსაზღვრა რა საკითხში გჭირდებათ მისი დახმარება და რაში არა, მისცემს მას საშუალებას მოეშვას და უბრალოდ მოგისმინოთ. რადგან მან უკვე იცის, სად არის მისი მოქმედება საჭირო და სად არა.

მამაკაცები ქმნიან გამოქვაბულებს. მამაკაცები ტენდენციურად სხვანაირად ამუშავებენ პრობლემებს. ლევანი არ არის ბედნიერი თავის სამსახურში და ის თავისთვის ჩუმად მსჯელობს, რა ცვლილებები განახორციელოს. საბოლოოდ, ერთ–ერთ შაბათს დილით ყავის დალევის პროცესში ის ეუბნება ლანას „ საყვარელო, ჩვენ პარიზში გადავდივართ“.

აქ პრობლემა იმაშია, რომ ლანა(სამართლიანადაც) გრძნობს, რომ გამოტოვა მთელი პროცესი. ქალები კავშირს გრძნობენ მამაკაცთან, როცა მათ იციან მათი ფიქრების შესახებ, ქალებს სურთ იცოდნენ ყველა დეტალი, რაც მათ გონებაში ხდება. იდეალურ ვარიანტში, როგორც კი ლევანს გაუჩნდა უკმაყოფილება სამსახურის მიმართ, უნდა გამოეთქვა ეს ლანასთან და მიეწოდებინა ინფორმაცია განვითარების პროცესებზე.  მამაკაცები კი ნაცვლად ამისა, დებენ რეზულტატს, რაც გაურკვეველია ქალისთვის, საიდან მოფრინდა.

რჩევა მამაკაცებს: რა თქმა უნდა თქვენ არ უნდა გააჟღეროთ თქვენი ყველა აზრი და გრძნობა, მაგრამ მხოლოდ დასკვნის დადება არ კმარა. იპოვნეთ ოქროს შუალედი. მიეცით ქალს საშუალება იცოდეს იმ მოვლენების შესახებ, რაც ხდება თქვენთან. თუ თქვენ იმიტომ  არიდებთ საუბარს, რადგან გეშინიათ მისი კრიტიკის ან გაღიზიანების, ფრონტის წინ შეგიძლიათ უთხრათ, რომ თქვენ არ ელით უკუკავშირს. განუმარტეთ მას, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო შედეგი და  უბრალოდ გინდათ, რომ მოგისმინოთ.

რჩევა ქალებს: მოსმენა არის კარგი. არ გააკრიტიკოთ, ნუ შეეცდებით დაუგეგმოთ მომავალი ნაბიჯები, თუნდაც მცირედ. თქვენმა კრიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს მისი  ჩაკეტვა უკან გამოქვაბულში. ან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი აღრევა საკუთარ გადაწყვეტილებებთან თქვენი გადაწყვეტილებების და რჩევების შეუთავსებოლობის გამო. ის ცდილობს, თვითონ გადაჭრას პრობლემა. შეგიძლიათ კითხოთ, „როგორ შემიძლია დაგეხმარო?“.

საერთო შეჯამება: ქალებმა შეეცადეთ შეწყვიტოთ საუბარი და მოუსმინოთ. ჰკითხეთ რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ და თუ ის გთხოვთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცით რჩევები.  მამაკაცებო მოსმენის პროცესში, აგრძნობინეთ პარტნიორს, რომ უსმენთ, მოეშვით, ხანდახან გამოთქვით აზრი, რათა ქალმა იცოდეს რას ფიქრობთ. იქონიეთ თვალით კონტაქტი.  და როცა ეს იმუშავებს, სხვა მამაკაცებსაც გაუზიარეთ თქვენი ეს ცოდნა.

სულ ეს არის. ყველაფერი უკვე პრაქტიკის საკითხია.

და ჰო მართლა, მადლობა მოსმენისთვის, მე უკეთ ვგრძნობ თავს.


Published on November 10, 2012 by Robert Taibbi, L.C.S.W. in Fixing Families


გააუმჯობესე ურთიერთობა

















გადაარჩინე ქორწინება

ხშირად ისმება ასეთი შეკითხვა: შემიძლია თუ არა გადავარჩინო ქორწინება, როცა ჩემს პარტნიორს არ სურს ამაში მონაწილეობის მიღება?

პასუხი: შენ აბსოლიტურად შეგიძლია გადაარჩინო ქორწინება, მაშინაც კი, როცა შენს პარტნიორს არ სურს ამაზე მუშაობა.

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ მათი ქორწინება გახდება უკეთესი, როგორც კი პარტნიორი შეიცვლება. ამას კი შეიძლება წლები ელოდო. ეს იშვიათად ხდება. ურთიერთობა უმჯობესდება მაშინაც, როცა ერთი მხარე მაინც იცვლის თავის პრიორიტეტებს, კომუნიკაციის გზას და სექსუალური ცხოვრების სტილს. ცვლილებები ცალმხრივად მკვეთრად დაეტყობა ურთიერთობების დინამიკას.

გასწავლით მარტივ ხერხს. ზოგადი წესის მიხედვით, ის რაც გვინდა, რომ ჩვენმა პარტნიორმა ჩვენთან მიმართებაში გააკეთოს, თავად უნდა გავაკეთოთ ჩვენ იგივე. მივცეთ ის, რისი მიღებაც გვსურს, ვუთხრათ ის, რისი გაგონებაც გვინდა მისგან. ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა მნიშვნელოვნად გაზრდის იმის შანსს, რომ თქვენი პარტნიორიც იგივეს გააკეტებს თქვენს მიმართ.
ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათთან ჩივილი იმასთან დაკავშირებით, რასაც ვერ იღებთ მისგან, მხოლოდ უარეს შედეგს მოიტანს. მაგალითად: ქალი, რომელიც მუდმივად ჩივის, რომ მისი ქმარი არ აქცევს მას საკმარის ყურადღებას, ამით მხოლოდ არცხვენს მას და აიძულებს თავი იგრძნოს დამნაშავედ. ქმარს მუდმივი სურვილი ექნება თავი შორს დაიჭიროს იმ ადამიანისგან, ვინც ამ გრძნობას უტოვებს მას.ის შეამცირებს იმ დროსაც, რასაც ის ქალთან ატარებს. მეორეს მხრივ, თუ ქალი ეფექტურად განალაგებს თავის საქმეებს დროში, ექნება მეტი შესაძლებლობა , რომ ერთად გაატარონ დრო და ის მიიღებს იმ ყურადრებას, რაც მას სჭირდება.გაითვალისწინეთ ადამიანები, განსაკუთრებით წყვილის ურთიერთობაში, ღიები არიან ისეთი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც დაფუძნებულია სიკეთეზე და არა დადანაშაულებაზე, რომელიც მათ გულს ატკენს.

ასე რომ, დაუთმეთ თქვენს პარტნიორს მეტი დრო, თუკი გინდათ, რომ უფრო ყურადღებიანი იყოს თქვენს მიამრთ. უთხარით სასიამოვნო სიტყვები და იმასვე მიიღებთ მისგან. ნუ დაელოდებით, რომ ის იყოს პირველი და ის შეიცვალოს. უჩვენეთ მას სწორი გზა და ისიც გამოგყვებათ. შენ შეგიძლია შეცვალო ოჯახის სრული დინამიკა წინააღმდეგობის გარეშე.

განდმა თქვა: „გააკეთე ის ცვლილება, რომელიც შენ გინდა, რომ შემდეგ დაინახო ეს მსოფლიოში“


[Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart]



როგორ დავიბრუნოთ "შეყვარებულობის" შეგრძნება   



                                                


      ბევრი თქვენთაგანი იძახის: „ჩვენ აღარ გვიყვარს ერთმანეთი“ და გაინტერესებთ დაგიბრუნდებათ  თუ არა ეს გრძნობა უკან. გაგიგონიათ გამოთქმები  „გადაუყვარდა“, 
„ აღარ უყვარს“, „ მობეზრდა“ და ა.შ.?
      კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაიბრუნოთ გრძნობა და გახდეთ ხელახლა შეყვარებულები, თუკი იმუშავებთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე და გამოიმუშავებთ ქორწინებისთვის წარმატების უნარებს. აი ფილმორის პასუხიც:

„ რთული კითხვაა, რადგან რასაც ადამიანები ეძახიან  შეყვარებულობას, ეს არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ურთიერთობის საწყის ეტაპზე არიან. ეს არის აღფრთოვანებისა და ვნების სინთეზი. ეს აღფრთოვანებისა და ვნების გრძნობები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. ბევრ თქვენგანს შეიძლება ქვეცნობიერად აქვს სურვილი განიცადოს ეს გრძნობები ისევ და ისევ, რაც იყო თავდაპირველად და რაც ალბათ მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ამ დროს თქვენ გრძნობთ, რომ „რაღაცას კარგავთ“ , ნეთუ ეს ყველაფერი ქრება? მთავარი ხაზი ამ ყველაფრისა გახლავთ ის, რომ თქვენ ვერც შეინარჩუნებთ ამ ყველაფერს, ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. მე ვგულისხმობ, რომ მე შეიძლება დავქორწინდე უმაგრეს, ვნებიან კინო ვარსკვლავზე, ასე ვთქვათ ჩემი ოცნების მამაკაცზე(ჩემს შემთხვევაში ჯონი დეპი), და ორი წლის შემდეგ, როცა ის გაივლის ოთახში, მე ვთქვა. „ აჰჰ, გაუმარჯოს საყვარელო“.  მისი უბრალოდ თანაარსებობა ვეღარ მომკვეთავს მუხლებში. ეს განმარტება სადღაც მოსაწყენი ჩანს, რადგან არაბუნებრივია რეალობასთან. მე გეტყვით, თქვენ შეიძლება დაქორწინდეთ საუკეთესო შეყვარებულზე მსოფლიოში, თუმცა ყოველდღიურად შამპანიური და ხიზილალაც მოსაწყენია. ეს არ არის ინდივიდუალური. ეს ყველასთან ასეა და ეს  არ ნიშნავს, რომ შენ ახლა უკვე აღარ ხარ სრულიად შეყვარებული შენს პარტნიორზე.

ნუ მოიწყენ!  აქ არის ქიმიური და ბიოლოგიური მიზეზები ამისა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ ამას. ჩვენ შეგვიძლია მოვატრიალოთ ის ამაღელვებელი შეგრძნებები. შეგვიძლია  ეს გავხადოთ საინტერესო და მიმზიდველი ისევ.  როგორ?  შევქმნათ და ჩავაყენოთ ჩვენი თავი ისეთ სიტუაციაში, რაც არის ახალი, რაღაც დონეზე „სარისკო“ ან თუნდაც ფარულად „აკრძალული“. ეს შეიძლება გულისხმობდეს ახალი ცეკვის შესწავლას ერთად, ან საცეკვაოდ წასვლას, იყიდო ახალი ნივთები ორივესთვის, სცადოთ ბურანით გაკატავება თოვლში, ან სექსი პლიაჟზე. მე ვგულისხმობ ისეთ რამეს, რაც არ შედის ყოველდღიურ ყოფიერებაში. შეინარჩუნეთ ცოტა ინტრიგა. შეანელეთ ცხარე არომატით და გახადეთ ეს ყველაფერი პიკანტური“.

ახლა თქვენ იცით რა უნდა გააკეთოთ, რომ დაიბრუნოთ თქვენი გრძნობები უკან და გახდეთ „შეყვარებული“ ხელახლა. გადით გარეთ და სცადეთ რაიმე საინტერესო, თუნდაც სარისკო ან საშიში ერთად. ეს განაახლებს ერთმანეთისადმი  აღფრთოვანებას და  დაუბრუნებს ვნებას თქვენს ურთიერთობას.

[Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart]



წყვილის უკეთესი კავშირისთვის:


    1.      გარისკეთ და გააკეთეთ რაიმე ახალი ერთად. მაგ: იარეთ სამოყვარულო ცეკვებზე. ჩაერთეთ რაიმე ექსტრემალურ სპორტში ან იქნებ უბრალოდ ერთად დარგოთ ხე.
    2.      ზოგჯერ მცირედი უკეთესია: ხელჩაკიდებულებმა ისეირნეთ ეზოში. დალიეთ ყავა ჩახუტებულებმა ვერანდაზე.

    3.     შეფუთეთ სამხარი, ჩაჯექით მანქანაში და „დაგაზეთ“. შეიძლება თავგადასავალი არ გქონდეთ, მაგრამ წადით ისეთ ადგილას სადაც ხედით დატკბებით. ისეირნეთ, იძრომიალეთ გორაკებზე და მიირთვით "ლანჩი".
     4.      საკუთარ ეზოში ან სადმე ახლოს დაანთეთ პატარა კოცონი, შეწვით სოკო და გაატარეთ დრო ერთად. არ მოითხოვს ფინანსებს.
    5.      ვარსკვლავებთან საუბარი არის მეორე გზა გაატაროთ სასიამოვნო საღამო ერთად  უფასოდ. იქონიეთ ბინოკლები, რამდენიმე ბალიში და ადიელა. ასევე რამდენიმე კომფორტული სკამი, რომ შეძლოთ წამოწოლა და ცის ყურება.
    6.      გააბით სახლში საახალწლო სათამაშოები . მერე რა რომ ახალი წელი არ არის. ასე უფრო საინტერესოა. დაანთეთ სანთლები და შექმენით გარემო რომანტიული ვახშმისთვის. არ დაგავიწყდეთ დაბალ ხმაზე ჩართოთ ნელი მელოდია. ცოტა ცეკვაც არ გაწყენდათ. ერთი უნდა მოყვებოდეს მეორეს... ო ლა ლაა..
    7.      ისაუბრეთ ან წაიკითხეთ ერთად ისეთი თემები, რაც გადაგიყვანთ სექსუალურ თავგადასავალში. წაიკითხეთ ეროტიული ისტორიები საწოლში.
    8.      მოამზადეთ საუცხოო საჭმელი სახლში, გამოეწყვეთ, გამოიპრანჭეთ და გქონდეთ პაემანი, მხოლოდ თქვენ ორისთვის.
     9.      არ არის საჭირო სავაჭრო ცენტრში გაქცევა, როცა შენ გაქვს სექსუალური ღამისთვის ყველა ინგრედიენტი სამზარეულოში. ჩვენ ყველამ ვიცით თხევად შოკოლადსა და ვიპ–კრიმზე. მაგრამ რას იტყვით, რომ დაამზადოთ თქვენი საფირმო ტანის შაქარი? ორ კოვზ შაქარს დაუმატეთ თქვენი საყვარელი სანელებლები (დარიჩინი, კაკაო, ვანილი, დაფქვილი ნუში, ქოქოსი) და წაუსვით ტანზე თქვენს პარტნიორს და ჩაიტკბარუნეთ პირი. (სხვათაშორის, ეს ის დრო არ არის როცა კალორიები უნდა დაითვალოთ)
    10.  გაუგზავნე შენს მეუღლეს სასიყვარულო ბარათი. თუ გიჭირს ტექსტის მოფიქრება, მისწერე რა გიყვარს მასში. მიეცი მას შანსი გაუჩნდეს სურვილი ხელახლა დაქორწინდეს შენზე. ისევ და ისევ ხელახლა!

[Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart]

No comments: